ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია: სანამ რუსეთთან ფრენების შეთანხმებაზე ვმუშაობდით, ფრენები საქართველოსთან განაახლეს

ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, მარიონეტული სოხუმი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებაზე მუშაობს.

ბჟანიამ აღნიშნა, რომ სანამ ამ საკითხზე მუშაობდნენ, რუსეთმა ფრენები საქართველოსთან განაახლა. მარიონეტი ლიდერი თვლის, რომ ეს რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის შეთანხმებაზე გავლენას ვერ იქონიებს.

"რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლა. ამ მიმართულებით ასევე ვმუშაობთ. ხელი უნდა მოეწეროს სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლაზე. სანამ ამით ვიყავით დაკავებული, საჰაერო მიმოსვლა განაახლეს საქართველოსთან. ამას ჩვენზე არანაირი გავლენა აქვს, ეს მხარეების საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო მიმოსვლა არსებობდეს ჩვენსა და რუსეთს შორის და ვფიქრობ ამ საკითხს გადავჭრით. არის სირთულეები, არის წინააღმდეგობები, მაგრამ, ამის მიუხედავად, მუშაობა მიმდინარეობს". – თქვა ბჟანიამ.

უკვე დიდი ხანია, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების დანიშვნა სურს.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც საქართველოში დაფრინავს, უკრაინის მიერაა სანქცირებული. ასევე, ფრენის ლიცენზია მიიღო აშშ-ს მიერ სანქცირებულმა Red Wings-მაც. 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა GEORGIAN AIRWAYS-მაც დაიწყო.

რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

პირდაპირი ფრენების განახლებასთან საქართველოში მოქალაქეების პროტესტს ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეჩვენებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ აყენებდა ფრენების განახლებისა და უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს. პუტინის თქმით, ეგონა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას, საქართველოში მადლობით შეხვდებოდნენ და აღნიშნა, რომ რეაქციით გაკვირვებულია.

"სულ გაგიჟდნენ თუ რა ხდება? რა ხდება მათთან, გაუგებარია". – თქვა პუტინმა საქართველოს მოქალაქეებზე.

კომენტარები