მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჩალაძე ბრეგაძეზე: ტყუის, მისივე უწყებიდან გვაქვს დასტური, რომ განცხადება რეგისტრირებულია

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა. ჩალაძის თქმით, მინისტრმა მოიტყუა და მისივე უწყებისგან მიიღეს დასტური, რომ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების საკითხთან დაკავშირებით განცხადება სწორედ იუსტიციის სამინისტროშია რეგისტრირებული.

"მინდა, ბატონი რატი ბრეგაძის განცხადებას გამოვეხმაურო [...] დღევანდელი ინფორმაცია, რაც მან გააჟღერა, ტყუილია. ეს არის ძალიან მოკლეფეხებიანი ტყუილი. არის სულ 1-საათიანი ტყუილი, რომელიც მტკიცდება მისივე უწყებისგან მიღებული დასტურით, რომ განცხადება იუსტიციის სამინისტროში არის რეგისტრირებული. ბატონო რატი, მინდა, გაგაფრთხილოთ, რომ ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია, ან არასწორი ინტერპრეტაცია ჩვენგან ზუსტად ასეთივე გამოხმაურებას ჰპოვებს. მაგრამ, ეს ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პრემიერ ღარიბაშვილის მიერ მიუნხენში საჯაროდ დადებული პირობის შესრულება. შემდეგ, თქვენი პირობა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან, რომელიც დემარშის მერე დადეთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაუშვებთ ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომლის ინიციატორიც არის პოლონური მხარე". - თქვა ჩალაძემ ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 20 მარტს თქვა, რომ ამ დროის მდგომარეობით, არც მიხეილ სააკაშვილის და არც მისი ოჯახის მხრიდან არანაირი განცხადება არ შესულა იმის თაობაზე, რომ ექსპრეზიდენტის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩაერთონ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 19 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც პოლონელი ექიმებითაა დაკომპლექტებული და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დადონ. ხაბეიშვილმა ქართულ ოცნებას მოუწოდა, რომ მათთვის თანხმობის გაცემა სასწრაფოდ მოხდეს არა სიტყვიერად, არამედ, დოკუმენტის, ოფიციალური საბუთის სახით.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, საქართველოში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით პოლონელი ექიმები ჩამოდიან. 12 მარტს გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ მათი ვიზიტი ყოვნდებოდა.   

2 მარტს, პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად დათანხმდა, რომ პოლონელმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯონ. თუმცა, მეორე დღესვე იუსტიციის სამინისტომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ  "საფუძველს მოკლებული განცხადებაა". 

EU-ს 27-მა სახელმწიფომ საერთო შეთანხმებით იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დიპლომატიური დემარშით მიმართა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეშფოთებას გამოხატავდა.

კომენტარები