მიხეილ სააკაშვილი

ელჩი: EU-ს ყველა სახელმწიფომ ბრეგაძეს სააკაშვილის შესახებ დიპლომატიური დემარშით მიმართა

European Union in Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, EU-ს 27-მა სახელმწიფომ საერთო შეთანხმებით იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დიპლომატიური დემარშით მიმართა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეშფოთებას გამოხატავდა.

"შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობას წარმოადგენს, ჩვენ გადავეცით ფორმალური დემარში იუსტიციის მინისტრს. დემარში, რომელიც ეხება ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს დასკვნები მისი გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დემარშს მხარი დაუჭირა ევროკავშირის წევრმა 27-მა სახელმწიფომ. ისინი შეთანხმდნენ ბრიუსელში 27-ვე წევრის დედაქალაქის მონაწილეობით. – თქვა ჰერჩინსკიმ.

ჩვენ ძალიან ღია საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ მას წარვუდგინეთ ევროკავშირის 27 ქვეყნის პოზიცია და მინისტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები". – თქვა ჰერჩინსკიმ იუსტიციის სამინისტროს დატოვების შემდეგ.

ევროკავშირის ელჩის თქმით, პროცესი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარშემო პროცესი კვლავ ღიაა და განხილვა მიმდინარეობს.

27 თებერვალს პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურ მიმართვას გაუგზავნიდნენ და მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვდნენ.

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთი საპროტესტო ნოტაში გამოდის ინიციატივით, რომ სააკაშვილის სასჯელის ვადა დასრულდეს და მას საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს. დემარში, რომელიც ამ ინიციატივას მოიცავს, ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს. 16 თებერვალს პოლონური მედია წერდა, რომ წინადადებას უნგრეთის გარდა მხარი ყველამ დაუჭირა. მათივე ცნობით, ევროკავშირის დიპლომატები ამბობდნენ, რომ ბუდაპეშტის გადასარწმუნებლად ყველაფერს იღონებდნენ.

იქამდე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ პოლონეთი მზადაა, სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს. მატეუშ მორავიეცკის განცხადებითვე, "თუ საქართველოს სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა".

კომენტარები