მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

საგარეო: უკრაინის ქმედება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო - დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და, უწყების შეფასებით, სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. 

"აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას". - წერია განცხადებაში. 

უწყების განცხადებით, იმედს იტოვებენ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. 

"კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ურყევია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ომის დაწყების დღიდან საქართველო ახორციელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. 

ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. 

აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს ასევე გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა - დღეს ქ.კიევში უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს". - წერია განცხადებაში.  

დასასრულს, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, მომავალშიც გააგრძელებენ უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას და იმის გამო, რომ ქვეყანა ომშია, საპასუხო რეაქციისაგან "ამ ეტაპზე" თავს იკავებენ. 

"სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას". - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

დღეს, 4 ივლისს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკააშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატად საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი დაიბარა. საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ სააკაშვილის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ამასთან უწყება ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს კონსულტაციებისთვის თბილისში ჩასვლა შესთავაზეს.  

3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. 

სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს". - დაწერა  ზელენსკიმ.

კომენტარები