მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბრეგაძე სააკაშვილზე: არ შემოსულა განცხადება, რომ მის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩაერთონ

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, არც მიხეილ სააკაშვილის და არც მისი ოჯახის მხრიდან არანაირი განცხადება არ შესულა იმის თაობაზე, რომ ექსპრეზიდენტის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩაერთონ.

"მსურს, განცხადება გავაკეთო დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს. აქვე, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2022 წლის 29 ნოემბერს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შევთავაზეთ, ჩამოეყვანათ ექიმები, ვგულისხმობ უცხოელ ექიმებს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, რათა ჩართულიყვნენ მისი მკურნალობის პროცესში. შემდგომში, სამი დღის წინ კიდევ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია, სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური წინააღმდეგი არ იქნება, რომ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. კიდევ ერთხელ გადავამოწმე და მინდა, თამამად გითხრათ, რომ დღეის, კერძოდ 13:00 საათის მდგომარეობით, არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩართულიყვნენ". - თქვა ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

რატი ბრეგაძემ თქვა, რომ არც იუსტიციის სამინისტრო და არც სპეციალური პენიტენციური სამსახური წინააღმდეგი არ იქნება, თუ თავად სააკაშვილი, ან მისი ოჯახი წარმოადგენს იმ ექიმების სიას, ვინც უნდათ, რომ უშუალოდ კლინიკა ვივამედში სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩაერთონ.

"მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო როგორც უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე მისი ოჯახის წევრებს და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა ვივამედში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას და ამ შემთხვევაში, ჩვენ ვუშუამდგომლებთ მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ შემდგომში ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა მიიღონ საექიმო საქმიანობის ნებართვა და შეძლონ მსჯავრდებულ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, საქართველოში, იმ კლინიკაში, სადაც ის ახლა მკურნალობს". - თქვა ბრეგაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 19 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც პოლონელი ექიმებითაა დაკომპლექტებული და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დადონ. ხაბეიშვილმა ქართულ ოცნებას მოუწოდა, რომ მათთვის თანხმობის გაცემა სასწრაფოდ მოხდეს არა სიტყვიერად, არამედ, დოკუმენტის, ოფიციალური საბუთის სახით.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, საქართველოში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით პოლონელი ექიმები ჩამოდიან. 12 მარტს გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ მათი ვიზიტი ყოვნდებოდა.   

2 მარტს, პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად დათანხმდა, რომ პოლონელმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯონ. თუმცა, მეორე დღესვე იუსტიციის სამინისტომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ  "საფუძველს მოკლებული განცხადებაა". 

EU-ს 27-მა სახელმწიფომ საერთო შეთანხმებით იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დიპლომატიური დემარშით მიმართა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეშფოთებას გამოხატავდა.

კომენტარები