კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

კობახიძე "აგენტების" კანონზე: ვინც ამბობს, რომ რუსულია, იტყუება - ნედ პრაისსაც მოატყუებინეს

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვინც ამბობს, რომ ე.წ. "აგენტების" კანონის ქართული ვერსია რუსული კანონია, იტყუება. კობახიძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით, მოატყუებინეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისსაც, რომელმაც თქვა, რომ კანონი დაფუძნებულია არა აშშ-ის, არამედ, რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზე.

"პირდაპირ შემიძლია გითხრათ - ვინც ამბობს, რომ კანონპროექტის პირველი ვერსია არის რუსული კანონი, ის იტყუება. ისე გამოვიდა, რომ ნედ პრაისსაც მოატყუებინეს. ის შეცდომაში შეიყვანეს და არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. სამწუხაროდ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ტყუილი ითქვა". - თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნედ პრაისის განცხადებით, კანონი დაფუძნებულია არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზე. ასევე, პრაისის შეფასებით, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც.

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.

კომენტარები