კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ხალხის ძალა: ინიცირებას ვუკეთებთ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ივანიშვილის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მოძრაობა ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ინიცირება გაუკეთოს ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს, "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მისივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.

"ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ინიცირება გავუკეთოთ ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს, "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც არის სუფთა, ამერიკული ანალოგი. ჩვენ პირდაპირ თარგმანს გავაკეთებთ და კანონს დავაინიცირებთ, რისთვისაც 1-2 დღე დაგვჭირდება [...] ახლა არჩევანი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე აქამდე. საზოგადოებასაც და ჩვენს ოპონენტებსაც მსჯელობის მეტი საშუალება ექნებათ. ანუ, ახლა გვაქვს 2 ვარიანტი. პირველი, რომელიც უკვე წარდგენილია - ქართული ვარიანტი. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" და მეორე, სუფთა ამერიკული "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ". - თქვა ბრიფინგზე ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ხალხის ძალამ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისივე განცხადებით, მათ მიერ წარდგენილმა კანონპროექტმა სპეკულაციები გამოიწვია, რომ "თითქოს ის რუსული კანონპროექტის ანალოგი იყო".

21 თებერვალს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამერიკული კანონი სრული კატასტროფაა. "ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით". - განაცხადა კობახიძემ.

20 თებერვალს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ ხალხის ძალის მიერ მომზადებული კანონპროექტი რუსული კანონის მსგავსია.

კანონპროექტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ "ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დავუჭერ, კანონი რუსეთის მოდელს გვაახლოებს".


ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის აინიცირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული.  

თუმცა, უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც - ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.  

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სხვა სახელმწიფოსგან სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარკვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

 

კომენტარები