უკრაინა და კიდევ ცხრა ევროპული სახელმწიფო ანტისარაკეტო კოალიციის თანადამფუძნებლები გახდნენ. კოალიციის პირველი სხდომა 13 ივლისს, პარიზში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ წევრი ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლები, ასევე ევროპული თავდაცვითი ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები.
ევროპეისკა პრავდას ინფორმაციით, ათივე ქვეყანა კოალიციას თანადამფუძნებლის სტატუსით შეუერთდა.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ კოალიცია უკრაინას საკუთარი სარაკეტო თავდაცვის პროგრამა Freya-ს შექმნაში დაეხმარება.
კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროპისა და უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზების ინტეგრაციაა, რომლებიც ანტისარაკეტო სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოებაზე მუშაობენ. ინიციატივის ფარგლებში იგეგმება ახალი ევროპული ანტისარაკეტო პროდუქტის ერთობლივი შექმნა.
პარიზში გამართულ პირველ შეხვედრაში მონაწილეობდნენ შვიდი დამფუძნებელი ქვეყნის ლიდერები: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე და ნიდერლანდების წარმომადგენელი რობ იეტენი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
კოალიციის პირველ სხდომაში მონაწილეობდნენ ევროპული თავდაცვითი ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებიც, მათ შორის: Fire Point, Destinus, Diehl Defence, Eurosam, Hensoldt, Kongsberg Defence & Aerospace, Leonardo, MBDA, Safran, Saab, SENER, Thales და Weibel.
მონაწილეებმა განიხილეს ევროპული ანტისარაკეტო შესაძლებლობების გაძლიერებისა და უკრაინასთან სამრეწველო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.





