კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

მდინარაძე "აგენტებზე" კანონპროექტზე: ოცნების სახელით ვამბობ, მხარს დავუჭერთ კანონპროექტს

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ფრაქცია ქართული ოცნება ხალხის ძალის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"  მხარს დაუჭერს.

მდინარაძის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კანონპროექტი რუსული კანონმდებლობის ანალოგია - იტყუება.

"ფრაქცია ქართული ოცნების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა. თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ათასგვარი სპეკულაციები მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება და შემიძლია პასუხსიმგებლობით თქვა, რომ თუკი ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება". - თქვა მან.

მისივე თქმით, კანონპროექტი არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, რადგან "არც ერთი შეზღუდვა ხალხის ძალას არ ჩაუწერია კანონპროექტში".

"რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა და თუკი ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც ხალხის ძალამ წარმოადგინა, ამას უბრალოდ ერთი მიზეზით ვერ შეძლებს - არც ერთი შეზღუდვა ხალხის ძალას არ ჩაუწერია კანონპროექტში. რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, აშშ-ში სხვაგვარი შეზღუდვებია, იქ არის ძალიან მკაცრი ნორმები, ორივე შემთხვევაში საერთო შეიძლება იყოს ის, რომ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უბრალოდ იჭერენ ადამიანებს და ასე შემდეგ, აღარ ვამბობ აუდიტის შესვლის უფლებაზე, ასევე აშშ-ში მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტია, რომ გენერალურ პროკურორს შეუძლია დეკლარაციების წარმოდგენის ვადები შეამციროს, ან გაზარდოს, ან გაათავისუფლოს... მსგავსი და არათუ მსგავსი შეზღუდვა, როგორც ასეთი ხალხის ძალის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში არ არსებობს". - ამბობს მდინარაძე.

დღეს, 20 თებერვალს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ ხალხის ძალის მიერ მომზადებული კანონპროექტი რუსული კანონის მსგავსია.

კანონპროექტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ "ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დავუჭერ, კანონი რუსეთის მოდელს გვაახლოებს".


ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის აინიცირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული.  

თუმცა, უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც - ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.  

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სხვა სახელმწიფოსგან სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარკვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

კომენტარები