კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ივანიშვილმა რუსულ კანონპროექტში დასმენის მექანიზმი ჩადო

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არაკომერციული იურიდიული პირი და მედია, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა ამ უცხოური გავლენის აგენტად გამოცხადდება.

თავის მხრივ, უცხოური ძალაა ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

აგენტად რეგისტრაცია

სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის დადგენილ უცხოური გავლენის აგენტის კრიტერიუმებს, ვალდებულია, მის მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო წლის იანვრის თვის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე განცხადებით მიმართოს. 

ამასთან, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის წლის ყოველი შემდგომი წლის იანვრის თვეში ელექტრონულად სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია, რომელშიც მან ინფორმაცია სწორად და სრულყოფილად უნდა ასახოს.

საფინანსო დეკლარაცია და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

მონიტორინგი

უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა -  მონიტორინგი, რისი საფუძველიც არის:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას;

მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი. 

პასუხისმგებლობა

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან  საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. 

ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

კომენტარები