საქართველო-რუსეთი

რუსეთის ფედერალური საბჭოს ვიცესპიკერი: საქართველო სათაგურშია, ევროპისკენ სწრაფვის გამო

კონსტანტინ კოსაჩევი

რუსეთის ზედა პალატის, ფედერალური საბჭოს ვიცესპიკერი, კონსტანტინ კოსაჩევი ევროკავშირის საგარეო საქმეთა განყოფილების წამყვან სპიკერს, პიტერ სტანოს მოწოდებას ეხმაურება.

აქამდე სტანომ საქართველოს მოუწოდა, შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ავიაციის სექტორში.

"როგორც იუწყებიან, ევროკავშირმა საქართველო შესაძლო სანქციების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთის ფედერაციასთან ავიამიმოსვლას განაახლებენ. ევროკავშირმა - საქართველო. არა ევროკავშირის წევრი. საქართველოს ურთიერთობაზე მესამე ქვეყანასთან, რომელიც ასევე არაა ევროკავშირში!... და საქართველო ჩუმადაა! სწორედ ასე გამოიყურება სუვერენიტეტის სრული დაკარგვა. სწორედ ასე გამოიყურება გეოპოლიტიკური მონობა, ვინმეს კიდევ ეჭვი თუ ეპარებოდა. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. სწორედ ამაში გაება საქართველო თავისი ევროპისკენ სწრაფვით, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. კიდევ კარგი, რუსეთთან ერთად არა". – დაწერა კოსაჩევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

სტანოს მოწოდებაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმაც.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ახლა დასავლეთი, რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო, საქართველოსთვის ხელების დაგრეხვას იწყებს". –  თქვა კარასინმა. 

სტანო: ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში სანქციებს შეუერთდეს

აქამდე, როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რუსეთთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში, პროცესში ჩართული კომპანიები დასანქცირდებიან.

გასულ კვირებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობამ დადებითი შეფასება მიიღო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წევრების, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, თბილისის მერი კახი კალაძისა და დეპუტატი მიხეილ სარჯველაძის მხრიდან.

შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

ამის შემდეგ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.

ამას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრა, რომელზეც, უკრაინული მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ ისინი დაარწმუნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებას თბილისი არ აპირებს.

კომენტარები