რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს – ბაიდენი Leopard-ის ტანკების უკრაინაში გაგზავნაზე

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში, 2022 წლის 22 დეკემბერი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჰკითხეს მხარს უჭერდა თუ არა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდებას, რაზედაც პრეზიდენტმა უპასუხა, უკრაინა რუსეთის ჯარებთან საბრძოლველად "ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს". 

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, რამშტაინში გადაწყვეტილება Leopard 2-ის ტანკების მიწოდების შესახებ ვერ მიიღეს. თუმცა, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული. 

იენს სტოლტენბერგმა რამშტაინში, ასევე, აღნიშნა, რომ მოელის Leopard 2-ის ტანკების შესაძლო მიწოდებაზე მოლაპარაკებების განვითარებას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ცალმხრივად აფერხებს Leopard-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსენსუს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

ბერლინმა ამ კვირაში განაცხადა, რომ Leopard-ის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო იმაზე, დათანხმდებოდა თუ არა აშშ უკრაინაში Abram-ის ტანკების გაგზავნას. თუმცა გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ მას "ამ შეთანხმების" შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. 

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

კომენტარები