რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: Leopard-2-ზე ან სწრაფად მივიღებთ თანხმობას, ან თავად გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პოლონეთმა უკრაინას Leopard-2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს. ამის შესახებ მორავიეცკიმ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.

"ამ შემთხვევაში ნებართვა მეორეხარისხოვანია, ჩვენ ან სწრაფად მივიღებთ თანხმობას, ან თავად გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა". - თქვა მორავიეცკიმ.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მთავრობის სპიკერს ამ დრომდე არ დაუზუსტებია ამ შემთხვევაში მორავიეცკი კონკრეტულად პოლონეთზე საუბრობდა, თუ NATO-ს სხვა მოკავშირე ქვეყნებისგან შემდგარ ჯგუფზე. ამ დრომდე პოლონეთი აცხადებდა, რომ უკრაინას ტანკებს ზემოხსენებული კოალიციის ფარგლებში გადასცემდა.

იმის გათვალისწინებით, რომ Leopard-2-ის ტიპის ტანკები დამზადებულია გერმანიის თავდაცვის საწარმოს მიერ, მათი გადატანა NATO-ს არაწევრ ქვეყნებში გერმანიის თანხმობას მოითხოვს.

მანამდე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა თქვა, ბრიტანეთი უკრაინას Challenger-2-ის ტიპის 14 ტანკს და ასობით სხვა ჯავშანმანქანას გაუგზავნის, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორ FV-432-ს, იგივე ბულდოგს.

Challenger-2-ის ტიპის ტანკების გადაცემის შემდეგ ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას დასავლური ტიპის ტანკებს მიაწვდის. უოლასის თქმით, ის იმედოვნებს, რომ დასავლური ტანკების, კერძოდ Leopard-2-ის მიწოდებას სხვა მოკავშირეებიც შეძლებენ, მათ შორის, პოლონეთი და ფინეთი, თუმცა, ეს საკითხი გერმანიაზეა დამოკიდებული, რომელიც ზემოხსენებული ტანკების მწარმოებელია.

კომენტარები