რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: მკვლელი პუტინის "საშობაო ზავი" მორიგი ხაფანგია, შესაძლოა ტერაქტებს გეგმავენ

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, "საშობაო ზავი" რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მორიგი ტყუილი და ხაფანგია. მან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ უკრაინელებს მოსალოდნელი ტერაქტების გამო ეკლესიებში მართლმადიდებლური საშობაო წირვაზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

"მივმართავ ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: 
მკვლელი პუტინის გამოცხადებული "საშობაო ზავი" მორიგი ტყუილი და ხაფანგია. გთხოვთ, მართლმადიდებელ ეკლესიებში საშობაო წირვაზე დასწრებისგან თავი შეიკავოთ. რუსები შესაძლოა ტერაქტებს გეგმავენ. მოუფრთხილდით თავს. ჩვენ გვჯერა შეიარაღებული ძალების!". - წერს გაიდაი სოციალურ ქსელში. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საშობაოდ ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს სურს, რომ შობა გამოიყენოს, რათა დონბასში უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს და ამ პერიოდს განახლებული ძალებით ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს.

კომენტარები