რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

გამოძიებაში უკრაინის ჩართვა აშშ-მ და პოლონეთმა ერთად უნდა დაადასტურონ – დუდა

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ეხმაურება უკრაინის მოთხოვნას, რომ რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის გამოძიებაში ჩართონ. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა როგორც პოლონეთის, ისე შეერთებული შტატების თანხმობა. 

"საქმეს პოლონელი და ამერიკელი ექსპერტები აწარმოებენ და თუ ვინმეს სურს ამ პროცესში ჩართვის ნებართვა, მას, მინიმუმ, ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება". – თქვა დუდამ. 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის პარტნიორებთან ერთად გამოძიება და აფეთქების ადგილზე დაუყოვნებელი წვდომა სურს.

ამას გარდა, 16 ნოემბერს ანდჟეი დუდა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს უილიამ ბარნსს ვარშავაში შეხვდა.

16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული წარმოების რაკეტის ჩამოვარდნა, მისი აფეთქება და მსხვერპლის რაოდენობა დაადასტურა.

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

AP News-თან ამერიკელმა წყაროებმა ანონიმურად თქვეს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მიერ იყო გასროლილი და ის რუსულ რაკეტას იგერიებდა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა არ ყოფილა და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ იერიშს იგერიებდა. დუდა შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდე დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები