რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

დანილოვი რაკეტაზე: გვსურს ერთობლივი გამოძიება, ვითხოვთ აფეთქების ადგილზე წვდომას

ოლეკსი დანილოვი

უკრაინას პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის პარტნიორებთან ერთად გამოძიება და აფეთქების ადგილზე დაუყოვნებელი წვდომა სურს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

"ჩვენ ამ ინციდენტის პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად დეტალური შესწავლა გვსურს. მზად ვართ პარტნიორებს გადავცეთ რუსული კვალის ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე, პარტნიორებისგან ველით ინფორმაციას, რომლის საფუძველეზეც გაკეთდა საბოლოო დასკვნა რომ საუბარია უკრაინული ჰსთ-ს (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა) რაკეტაზე.

ამას გარდა, უკრაინა თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისთვის აფეთქების ადგილზე დაუყოვნებლივ წვდომის გადაცემას ითხოვს. სრულიად ღია ვართ სიტუაციის ყოვლისმომცველი შესწავლისა და არსებულ მონაცემებზე დასკვნების შეთანხმებისთვის". – ამბობს დანილოვი.


16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული წარმოების რაკეტის ჩამოვარდნა, მისი აფეთქება და მსხვერპლის რაოდენობა დაადასტურა.

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

AP News-თან ამერიკელმა წყაროებმა ანონიმურად თქვეს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მიერ იყო გასროლილი და ის რუსულ რაკეტას იგერიებდა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა არ ყოფილა და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ იერიშს იგერიებდა. დუდა შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდე დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები