ენმ

გიორგი ჩალაძე: აღარ დავაყენებ [თავმჯდომარის] არჩევნებში ჩემს კანდიდატურას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით ის საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე და ამბობს, რომ "სრული კონცენტრირება" მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეა საჭირო.

"დღეს ლევანის [ხაბეიშვილის] გამოსვლას ვუსმინე, სამწუხაროდ შეხვედრებზე ვიყავი და ვერ შევძელი მასთან პირადად საუბარი, გავიგე ჟურნალისტებისგან, საჭიროა დასხდომა ერთად და საუბარი. ეს საქმე უნდა დაწყებულიყო შარშან, გასულ წელს, 3 ოქტომბერს და პრეზიდენტ სააკაშვილის თემა უნდა იყოს პირველი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი. 

შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას, მე აღარ დავაყენებ არჩევნებში ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის". - თქვა ჩალაძემ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ "პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ პრეზიდენტი გადავარჩინოთ ერთად".

გიორგი ჩალაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა 11 ნოემბერს წარადგინა.

დღეს, 16 ნოემბერს, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის თავისი კანდიდატურა წამოაყენა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. 

10 ნოემბერს, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ენმ-ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებას მიესალმება - მისივე სიტყვებით, პარტიას "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია, თუმცა აღნიშნავდა, რომ "არანაირი თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილს არ აინტერესებს" და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.  

მოგვიანებით, ბრიფინგი გამართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა – მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.

პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობენ, რომ ისინი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენეს ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ და აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

ენმ-ს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება.

კომენტარები