ენმ

ხაბეიშვილი: გადავწყვიტე, მხარდაჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა ენმ-ის თავმჯდომარედ

ენმ

ლევან ხაბეიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის თავისი კანდიდატურა წამოაყენა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. 

"მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური, უკომპრომისო, მებრძოლი ოპოზიცია პოლიტიკაში. ჩემი მიზანია, ენმ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის, მის ამომრჩეველს და მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა. ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ვარდებს რევოლუციის იდეალები".- თქვა ხაბეიშვილმა. 

ხაბეიშვილმა კიდევ ერთ კანდიდატს, გიორგი ჩალაძეს შესთავაზა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შეიქმნას შტაბი, რომელსაც ჩალაძე უხელმძღვანელებს. 

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას გამაერთიანებელი თავმჯდომარე სჭირდება და არა "გამყოფი და დამაპირისპირებელი". მისივე თქმით, პარტიის ამომრჩეველი მეტს იმსახურებს. 

10 ნოემბერს, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ენმ-ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებას მიესალმება - მისივე სიტყვებით, პარტიას "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია, თუმცა აღნიშნავდა, რომ "არანაირი თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილს არ აინტერესებს" და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.  

მოგვიანებით, ბრიფინგი გამართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა – მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.

პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობენ, რომ ისინი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენეს ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ და აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

ენმ-ს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება.

კომენტარები