ენმ

ამგვარმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ – ბოკუჩავა სააკაშვილზე

ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პოსტს, სადაც მე-3 პრეზიდენტი წერს, რომ  პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილის პოსტი მისთვის მოულოდნელი იყო და მიაჩნია, რომ "ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ". 

"თქვენ გახსოვთ 6 დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა პოსტი,  სოციალური ქსელით მისი ოფიციალური გვერდის გამოყენებით, რომ ის მხარს მიჭერდა მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ენმ-ს გაძლიერებისთვის.

მეტიც, მე მას გუშინდელ ეთერში მადლობა გადავუხადე ამ განახლებული ნდობის მანდატისთვის, იმიტომ, რომ ჩემი ვადა 2026 წლის 8 ივლისს იწურება, ამიტომ მე მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით, სწორი მიდგომით და სწორი ხედვით გაგვეტარებინა რეფორმები ენმ-ში, პარტიის გაძლიერების მიზნით.

ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ის პოსტი რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე [მოსვლამდე] გზად წავიკითხე მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წუთით გავჩერდებით" - განაცხადა ბოკუჩავამ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.


შეგახსენებთ, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ პოსტი მიხეილ სააკაშვილმა 10 ივნისს გამოაქვეყნა.

"ჩემი, ლევანის, სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში, პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი."

იმავე დღეს ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ენმ-სთან მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.

11 ივნისს, ჟორჟოლიანმა ფორმულასთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა. 

კომენტარები