საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია.
"რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს - ის იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს.
ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში ვადა უმთავრდება. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს.
ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი - მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამავე დროს ვთავაზობ არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ასევე, არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება ყველას და ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი. ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში, რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან, ასევე ახლებთან ერთად. ამ ყველაფერში მათ აქვთ ჩემი სრული ნდობა.
სხვა პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით, ენმ არ არის არც ბიზნეს-პროექტი, არც 1 ადამიანის მართული პარტია. ის ქვემოდან ზემოთ იმართება მრავალრიცხოვანი სახალხო ბაზით და ამ მხარდამჭერების პოზიცია ჩვენთვის გადამწყვეტია.
ეს ყველაფერი აუცილებელია და გადაუდებელია, განსაკუთრებით ჩემი, ხაბეს, ირაკლი ნადირაძის და სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში. ჩვენი და საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია". - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ პოსტი მიხეილ სააკაშვილმა 10 ივნისს გამოაქვეყნა.
"ჩემი, ლევანის, სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში, პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი."
იმავე დღეს ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ენმ-სთან მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.
11 ივნისს, ჟორჟოლიანმა ფორმულასთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.





