რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

მედვედევი: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომით დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ Twitter-ზე პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნას ეხმაურება.

"პოლონურ ფერმაზე, სავარაუდოდ, უკრაინის "სარაკეტო იერიშის" ინციდენტი ერთადერთ რამეს ადასტურებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება". – წერს მედვედევი.

16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული წარმოების რაკეტის ჩამოვარდნა, მისი აფეთქება და მსხვერპლის რაოდენობა დაადასტურა.

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

AP News-თან ამერიკელმა წყაროებმა ანონიმურად თქვეს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მიერ იყო გასროლილი და ის რუსულ რაკეტას იგერიებდა.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდე დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები