რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი G20-ზე: დადგა დრო, როდესაც რუსეთის ომი უნდა შეჩერდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ოცეულის (G20) სამიტზე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, დადგა დრო, როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის საბოლოოდ დასრულება შესაძლებელია.

"ჩვენ არ მივცემთ რუსეთს დალოდებისა და ძალების აღდგენის საშუალებას. დარწმუნებული ვარ, ახლა დადგა დრო, როდესაც რუსეთის ომი შეიძლება შეჩერდეს და უნდა შეჩერდეს კიდეც". – თქვა ზელენსკიმ. 

სამიტზე გამოსვლის შემდგომ, ზელენსკიმ საკუთარ Telegram-ზე დაწერა ის შემოთავაზებები, რაც უკრაინას აქვს და რომლებიც ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. 

"არსებობს უკრაინის ფორმულა მშვიდობისთვის. მშვიდობის უკრაინისთვის, ევროპისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის. არის რიგი გადაჭრის გზები, რომელთა იმპლემენტაციაც მშვიდობის დამყარების გარანტიას მოგვცემს". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის შემოთავაზებაში შედის: 1) რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება 2) საკვების უსაფრთხოება 3) ენერგეტიკული უსაფრთხოება 4) ყველა პატიმრისა და დეპორტირებული პირის გათავისუფლება 5) გაეროს ქარტიის იმპლემენტაცია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა 6) რუსეთის სამხედროების უკან გაწვევა და საომარი მოქმედებების შეჩერება 7) სამართლიანობის აღდგენა 8) ანტი-ეკოციდი 9) დამატებითი ესკალაციის თავიდან არიდება 10) ომის დასრულების საკითხის მოგვარება.

დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიში, ინდონეზიაში იმართება. 

10 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დიდი ოცეულის შეხვედრაზე არ ჩავიდოდა და რუსეთის წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაგზავნიდა.

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ქალაქ ხერსონში ჩავიდა

მანამდე, ზელენსკიმ თქვა, რომ გათავისუფლებულ ხერსონში რუსეთის მიერ ჩადენილი 400-ზე მეტი ომის დანაშაული დაფიქსირდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონში ნაპოვნია სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ცხედრები.

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს. ამავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონში შევიდნენ და ოლქში გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინეს.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

 

კომენტარები