დაპირისპირება ენმ-ში

"მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში, მიზანი უუნარო მელიას ჩამოცილებაა" – გიორგი მუმლაძე

მოძრაობა საქართველოსთვის წევრი და ენმ-ს მხარდამჭერი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

მუმლაძის თქმით, მისი მიზანია მოქმედი "უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია" ჩამოშორდეს პარტიის მართვას. ამის შესახებ გიორგი მუმლაძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს;

"გადაწყვეტილება მიღებულია! ვაპირებ მონაწილეობის მიღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში! ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოცილდეს პარტიის მართვას!

ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის "იძულების კამპანიისკენ", რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს!

მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!

პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!

ვიწვევ ნიკა მელიას, ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტურებულად ავუხსნა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები!

მივმართავ ერთიან ნაციონალური მოძრაობას, დროულად მოიწვიოს პოლიტსაბჭო და უზრუნველყოს სანდო საარჩევნო პროცესი!" - წერს მუმლაძე.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.  

მოგვიანებით, ბრიფინგი განართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა - მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.  

ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე წევრმა დატოვა - მათ შორის იყვნენ ნონა მამულაშვილი და ნიკა ობოლაძე. მამულაშვილის შეფასებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს ისტორიაში "ყველაზე სამარცხვინოა", ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი "პოლიტიკისგან დიდი ხანია დაცლილია". ობოლაძის თქმით კი ამ  ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც შეძლებს ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან. 

მანამდე, 25 სექტემბერს, მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.

მეორე დღეს, "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

"შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებდა ენმ.

იმავე დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. ღამით კი, მუქარაზე მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პარტიის წევრი, თენგო სანაია დააკავეს.

კომენტარები