დაპირისპირება ენმ-ში

გიორგი ონიანი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება

აიპრესი

თბილისის საკრებულოში ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ონიანი პარტიას ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ ონიანი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

"ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება. უამრავი გამოწვევა და სირთულე იყო, რასაც სწორედ ერთობით ვცემდით პასუხს. 1 წლის წინ პარტიაში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა ბევრი მიზეზის გამო ვერ შედგა. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. ვფიქრობ, ამ თემაზე უკვე ბევრმა ისაუბრა და არ მინდა, თუნდაც მინიმალურად დავაზიანო ოპოზიციის საერთო ინტერესი - ვინაიდან, ვთვლი, რომ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს და ბიძინა ივანიშვილი, ანუ რუსული მართველობა, კორუფცია, მაფიოზობა, თაღლითობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და ხალხის აბუჩად აგდება უნდა დასრულდეს.

მივიღე გადაწყვეტილება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები დავტოვო და პოლიტიკურ ასპარეზზე ბოლო პერიოდში გამოჩენილ ღირსეულ, ერუდირებულ და გამარჯვებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად გავაკეთო ყველაფერი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. დიახ, ვფიქრობ, ნიკა გვარამია და ახალი ადამიანების დიდი ჯგუფი, დიდი პოტენციალით, ქვეყანას გამოიყვანს იმ ჭაობიდან, რომელშიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა. 2024 წლის არჩევნებზე ყველა პროდასავლურ პარტიას წარმატებებსა და ჯამურ გამარჯვებას ვუსურვებ". - წერს ონიანი.

კომენტარები