დაპირისპირება ენმ-ში

"ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის კანდიდატურას ვაყენებ, მიშა უნდა გათავისუფლდეს" – ჩალაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ჩალაძემ პარტიის თავმჯდომარეობისთვის საკუთარი კანდიდატურა დააყენა. ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მზადაა, ენმ-ს ამომრჩევლებთან ერთად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს.

"პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით - მიშას თავისუფლება. ფაქტია, დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ისიც ფაქტია, რომ შესაძლებელის გაკეთება საკმარისი არ არის. მოკლე დროში შედეგის დადება სასიცოცხლოდ აუცილებელია - მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება. წარსულზე დროის დაკარგვას არ ვაპირებ, მას ვერ შევცვლი. მაგრამ, შეგვიძლია, მომავალი ერთად შევქმნათ. ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო. პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ ბრძოლაში შეუცვლელია. მზად ვარ, პასუხისმგებლობა ავიღო და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ და უღალატო ამომრჩეველთან ერთად ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო, რომელიც მიშას გათავისუფლებით დასრულდება. ამ საერთო მიზნის მისაღწევად, მე ყველა თქვენგანის დახმარება მჭირდება. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე, ეს ყველაფერი ერთად არის გამარჯვების ფორმულა. ამიტომ, მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებითა და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა, პარტიის პოლიტსაბჭო ამას უზრუნველყოფს. დრო არ ითმენს. საჭიროა დაუყოვნებლივ კოორდინირებული მოქმედება  როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს. ჩემთვის ეს არის პროექტი - თავისუფლება მიშას. მჯერა, ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ"- წერს ჩალაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.  

მოგვიანებით, ბრიფინგი განართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა - მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.  

ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე წევრმა დატოვა - მათ შორის იყვნენ ნონა მამულაშვილი და ნიკა ობოლაძე. მამულაშვილის შეფასებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს ისტორიაში "ყველაზე სამარცხვინოა", ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი "პოლიტიკისგან დიდი ხანია დაცლილია". ობოლაძის თქმით კი ამ  ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც შეძლებს ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან. 

მანამდე, 25 სექტემბერს, მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.

მეორე დღეს, "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

"შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებდა ენმ.

იმავე დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. ღამით კი, მუქარაზე მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პარტიის წევრი, თენგო სანაია დააკავეს.

კომენტარები