რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 8 სისტემას გადასცემს

NASAMS-ის სისტემა

აშშ-ს პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, ვაშინგტონი უკრაინას NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 8 სისტემას გადასცემს.

რვიდან ორი სისტემის შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია რაც ცნობილია. ეს ორი სისტემა, პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში მალე განთავსდება, მომდევნო ექვსს კი მომავალში მიიღებენ.

ამას გარდა, პენტაგონის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მიაწვდიან უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო რადარულ სისტემებს, მათ შორის VAMPIRE-ის სისტემას. 

გასულ კვირაში NASAMS-ის სისტემების მწარმოებელი კომპანიის, Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეგ ჯეისმა CNBC-სთან საუბარში თქვა, რომ მათ სისტემები აშშ-ს მთავრობას რამდენიმე კვირის წინ გადასცეს და უკვე უკრაინაში მონტაჟდებოდა.

აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის სისტემებს შეიძენდა. ოქტომბრის პირველ ნახევარში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშები მიიტანა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ კიევისთვის სარაკეტო სისტემის მიწოდებას დააჩქარებდნენ.

ამას გარდა, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის AMRAAM-ის ტიპის რაკეტებს, რომელთა გამოყენებაც NASAMS-ის მეშვეობით არის შესაძლებელი.

NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს 30 კილომეტრის რადიუსსა და 21 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ.

სექტემბრის ბოლოს ამერიკულმა მედია CBS-მა შეცდომით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის პირველი სისტემები მიიღო.

დასავლელმა პარტნიორებმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდება მას შემდეგ დააჩქარეს, რაც 10 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მომხდარი 8 ოქტომბრის აფეთქების შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში მასშტაბური იერიშები მიიტანა, ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

კომენტარები