რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას დააჩქარებს

NASAMS

ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს დააჩქაროს უკრაინისთვის NASAM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ორი [NASAM] უახლოეს მომავალში ჩავა უკრაინაში. რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს უკრაინას", - აღნიშნა კირბიმ. 

გუშინ, 10 ოქტომბერს გავრცელებული თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას დაჰპირდა. აქამდე, მასშტაბური იერიშების შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები მხოლოდ გაზრდის უკრაინის მიმართ ამერიკის თანადგომას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დაამტკიცა, რომ უკრაინას რვა NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის, რომელთაგან ორი სავარაუდოდ უკრაინას შედარებით მალე მიეწოდება.

ამას გარდა, უკრაინას უახლოეს დღეებში  IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი 4 სისტემის მიწოდებას გერმანიაც ჰპირდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინამ გერმანული საჰაერთო თავდაცვის სისტემებიდან ერთ-ერთი უკვე მიიღო.

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რაშიც ვლადიმირ პუტინი უკრაინას ადანაშაულებს, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინულ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისროლეს ათეულობით რაკეტა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც. თავდასხმების შედეგად რამდენიმე უკრაინულ ქალაქსა და ოლქში წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება შეწყვეტილია.

კომენტარები