რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი სტრატეგიულ სამხედრო მიზნებს ვერ ასრულებს – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ადმირალ ტონი რადაკინის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ვერც ერთი სტრატეგიული სამხედრო მიზანი ვერ შეასრულა. 

"თავიდანვე ვთქვით, რომ ეს იყო პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიული შეცდომა და სტრატეგიულ შეცდომებს მივყავართ სტრატეგიულ შედეგებამდე. და ამ შემთხვევაში, ეს არის სტრატეგიული მარცხი. პუტინი ვერც ერთ სამხედრო სტრატეგიულ მიზანს ვერ ასრულებს. მას სურდა უკრაინის დამორჩილება, ეს არ მოხდება", - აღნიშნა ადმირალმა ტონი რადაკინიმ. 

რადაკინის განმარტებით, ოკუპანტებს პრობლემა აქვთ როგორც ტექნიკის, ისე სამხედრო ძალის თვალსაზრისით.  

"მას [პუტინს] ყოველთვის ჰქონდა პრობლემა ტექნიკის კუთხით. ასევე, მას არ ჰყავს საკმარისი ცოცხალი ძალა. [...] პარალელურად კი ვხედავთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც მამაცად იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის. მათ მიიღეს საერთაშორისო მხარდაჭერაც", - თქვა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა. 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო სადაზვერვო მოხსენების თანახმად, რუსეთმა უპასუხა გასულ კვირაში მის სამხედრო წარუმატებლობებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმების გაზრდით.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ

16 სექტემბერს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში 440-ზე მეტი ცხედრის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მათ დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.   

კომენტარები