უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი იზიუმში ჩადენილი ომის დანაშაულები ბუჩაში მომხდარს შეადარა და თქვა, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში.
"დღეის მდგომარეობით 450 ცხედარია დაკრძალული, თუმცა არის სხვებიც, ბევრი ადამიანია ცალკე დაკრძალული, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ. გარკვეულ ტერიტორიებზე, ვხვდებით მთლიანი ოჯახის ცხედრებსაც". - თქვა ზელენსკიმ.
კითხვაზე, არის თუ არა მტკიცებულებები ომის დანაშაულების შესახებ, მან თქვა: "ეს ყველაფერი არსებობს. საგამოძიებო კომისიები საერთაშორისო პარტნიორებთან, ერთოვლივი საგამოძიებო კომისიები".
"არსებობს მტკიცებულებები და მას საერთაშორისო კომისიები აფასებენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის დანაშაულები მსოფლიომ აღიაროს". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში 440-ზე მეტი ცხედრის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.
ხარკოვის რეგიონის პოლიციის მთავარმა გამომძიებელმა, სერხი ბოლვინოვმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ სასამართლო ექსპერტიზა ყველა ცხედარზე ჩატარდება.
"შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი საფლავია რაც აქამდე გვინახავს... 440 ცხედარი ერთ ადგილას დაკრძალეს". - თქვა ბოლვინოვმა.