აშშ-საქართველო

კინზინგერი: საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს – ეს სრული სიყალბეა

რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი
saukvalley

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს ყალბია. 

"რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვინდა ნათლად განვმარტოთ: აშშ ცდილობს დაასრულოს ომი უკრაინაში ისე, რომ უკრაინამ არ დაკარგოს ერთი სანტიმეტრიც კი. საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ეს სრული სიყალბეა". - წერს Twitter-ზე ადამ კინზინგერი. 

 

ომში ჩართვაზე გავრცელებული ნარატივი ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრას უკავშირდება, რომელზედაც საუბარი თავდაპირველად ივანიშვილის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა დაიწყო - მისი სიტყვებით, "იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი". 27 ივლისს წერილი გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა, რომელშიც ადასტურებს, რომ დეგნანს მისივე თხოვნით შეხვდა და შეხვედრა, დაახლოებით, 3 საათს გაგრძელდა. 

კელი დეგნანმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს 21 მარტს შეხვდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, "არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან "შანტაჟზე" ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას". 

ივანიშვილის დეპუტატი, სოზარ სუბარი  საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანს 3 კითხვით მიმართავს: ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო, ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება, შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება

კომენტარები