რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილნეკომ გაავრცელა.

"რუსებმა ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად, კორპუსებს ცეცხლი გაუჩნდა. არის მსხვერპლიც. ადგილზე მაშველები მუშაობას აგრძელებენ, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი". - წერს კირილენკო.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები