რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დამატებით 2.4 მილიარდ ევროს გამოყოფს

მიმდინარე წელს გერმანია უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დამატებით 2.4 მილიარდ ევროს გამოყოფს. ეს ფული გერმანიაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისთვის საჭირო თანხის დაფარვას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ჰუბერტუს ჰაილმა განაცხადა.

ჰუბერტუს ჰაილის თქმით, ამ ეტაპზე გერმანიაში თავშესაფარი დაახლოებით 800 000-მა უკრაინელმა ლტოლვილმა ითხოვა, რომლის 30% 14 წლამდე ასაკისაა.

გასულ თვეში გერმანიის შრომის ოფისმა გამოაცხადა, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა, რადგან  უკრაინელი ლტოლვილები სამუშაოს საძიებლად ოფისში რეგისტრირდებიან.

"ახლა საქმე ეხება მათ დასაქმებას". - განაცხადა ჰუბერტუს ჰაილმა.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე, უკრაინა სულ 9 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები