რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ცენტრი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

"რუსებმა კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. აგრეთვე, დაზიანდა 6 შენობა, მათ შორის სასტუმრო და მაღალსართულიანი კორპუსი. ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა მშვიდობიან, შეუიარაღებელ მოქალაქეებზე. ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ რაშისტებს ჩვენი მიწიდან არ გავაგდებთ". - წერს კირილენკო.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები