რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: თუ უკრაინისთვის რაკეტების მიწოდებას განაგრძობენ, ახალ სამიზნეებს დავარტყამთ

ТАСС

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ თუ დასავლეთი უკრაინისთვის სარაკეტო სისტემის მიწოდებას განაგრძობს, რუსეთი დაარტამს იმ ობიექტებს, რომლებზეც ჯერ არ მიუტანიათ იერიში. ამის შესახებ პუტინმა  RUSSIA 1-თან ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ადგილებს გულისხმობს. 

მან დასძინა, რომ ომის დაწყების მომენტში უკრაინის არმიას დაახლოებით 515 სარაკეტო სისტემა ჰქონდა, საიდანაც 380 განადგურდა. მისი თქმით, უკრაინამ ნაწილის აღდგენა მოახერხა და ახლა, დაახლოებით 360 ერთეული ასეთი აღჭურვილობა აქვს. 

პუტინის თმით, დაგეგმილია 45-70 კილომეტრის დისტანციისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემა, თუმცა თუ მიწოდება გაგრძელდება მოსკოვი გააგრძელებს მათ განადგურებას.

" ჩვენ გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და გამოვიყენებთ ჩვენს განადგურების იარაღს, რომელიც საკმარისად გვაქვს იმ ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად, რომლებზეც ჯერ იერიში არ მიგვიტანია".- ამბობს პუტინი. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები