რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ პუტინის ეკონომიკური ფორუმის ფინალურ დღეზე ლენინგრადის ოლქზე იერიში მიიტანა

უსტ-ლაბინსკი

უკრაინის სამხედროებმა 6 ივნისის ღამეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე მასშტაბური იერიში მიიტანეს და რამდენიმე სამიზნე დააზიანეს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგთან მდებარე ისტორიული საპორტო ქალაქი კრონშტადტი.

იერიშები სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ბოლო დღის წინ მოხდა. ეს ყოველწლიური ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მშობლიურ ქალაქში ტარდება.

რუსულ Telegram-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კრონშტადტის საზღვაო ქარხნის ტერიტორიიდან ამომავალი კვამლი შენიშნეს. აღნიშნული საწარმო რუსეთის სამხედრო-საზღვაო გემთმშენებელი ქარხანაა და სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 ივნისის ღამეს მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 376 დრონი ჩამოაგდეს, მათგან 140-ზე მეტი - ლენინგრადის ოლქის თავზე.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ხანძარი გაჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ოლქის ლომონოსოვის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ასევე, კრასნოდარის ოლქის ქალაქ უსტ-ლაბინსკის მცხოვრებლების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოესა და ვიდეოებში ქალაქში მდებარე ნავთობბაზაზე უკრაინული იერიშების შედეგად გაჩენილი ხანძრის კადრებია ასახული.

კომენტარები