სომხეთის საპარლამენტო არჩევნები

წინასწარი შედეგებით, ფაშინიანის პარტია 54.7%-ით ლიდერობს - დათვლილია ბიულეტენების 7.96%

Anthony Pizzoferrato / AP Photo/Anthony Pizzoferrato

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია, სამოქალაქო კონტრაქტი 54.7%-ით ლიდერობს, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი ძლიერი სომხეთი კი ხმათა 21.66%-ით მეორე ადგილს იკავებს.

ამჟამად ბიულეტენების 7.96% არის დათვლილი - წინასწარი შედეგები 355 საარჩევნო უბნის შედეგებს ასახავს.

საარჩევნო ბლოკი სომხეთი, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში, დათვლილი ხმების 8.89%-ით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფ პარტიას, აყვავებულ სომხეთს 5.22% აქვს დაგროვებული. 

მეხუთე ადგილზე მყოფმა პარტიამ, ერთობის ფრთებმა ხმების 2.38% მოიპოვა.

ცნობისთვის, სომხეთის მმართველი პარტიის, "სამოქალაქო კონტრაქტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსულ ოპოზიციურ პარტიას, "ძლიერ სომხეთს" ხმების 17.5% აქვს.

შეგახსენებთ, რომ 20:00 საათზე სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ხმების დათვლა დაიწყო.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.9% შეადგინა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა ამომრჩეველმა მიიღო.

სომხეთის წინა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მონაწილეობა მოსახლეობის 49.4%-მა მიიღო.

კომენტარები