სომხური წარმომავლობის რუსმა ბიზნესმენმა და სომხეთის ოპოზიციური პრორუსული ალიანსის, ძლიერი სომხეთის ლიდერმა, სამველ კარაპეტიანმა მმართველი პარტია, სამოქალაქო კონტრაქტი "უკანონო ქმედებებში" დაადანაშაულა და თქვა, რომ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა "სასურველ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს".
კარაპეტიანი ამბობს, რომ მთავრობამ ხმების თვლის პროცესი განზრახ შეაჩერა, რადგან ხედავდნენ, რომ მათი შედეგი ეცემოდა. მისივე თქმით, "არც კი იციან", თუ დილით რა შედეგებს წარადგენს მთავრობა.
"ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დათვლის დროს აჩერებენ და ამბობენ, რომ შედეგებს დილით ცხრა საათზე წარადგენენ. რადგან ხედავენ, რომ მათი შედეგები ყოველ წუთს სამარცხვინოდ ეცემა და ეცემა, მათ თვლა შეაჩერეს და არც კი ვიცით, რას წარმოგვიდგენენ დილით. მინდა, გითხრათ, დარწმუნებულები იყავით, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა, არჩევნების შედეგები ჯერ არ გვაქვს, ამიტომ არ ინერვიულოთ, ისინი სასურველ გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ". - თქვა კარაპეტიანმა.
კარაპეტიანის თანახმად, ხმების დათვლის პროცესში თავდაპირველად სოფლის საარჩევნო უბნები დაითვალა, ხოლო შემდგომ ქალაქების ხმების დათვლის დროს სამოქალაქო კონტრაქტის შედეგი მკვეთრად ეცემოდა. ოპოზიციონერი ირწმუნება, რომ ამის გამო მთავრობამ "სპეციალურ ქმედებებს" მიმართა და "უკანონო ქმედებები" გრძელდება.
"ამიტომ ისინი სპეციალურ ქმედებებზე გადავიდნენ და ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, თუ ზუსტად რაზე. უკანონო ქმედებები გრძელდება.... დილით საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გამოვალთ და მაშინ გამოვხატავთ ჩვენს შეხედულებას". - თქვა კარაპეტიანმა.
ცნობისთვის, პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა და თქვა, რომ მისი პარტია მთავრობას სხვა პარტიების ჩართულობის გარეშე ჩამოაყალიბებს.
უახლესი ინფორმაციით, ამჟამად ბიულეტენების 22.32% არის დათვლილი. ფაშინიანის პარტია, სამოქალაქო კონტრაქტი ხმების 51.19%-ით ლიდერობს, ხოლო ოპოზიციონერი ბიზნესმენის პრორუსულ ალიანსს ძლიერ სომხეთს ხმების 23% აქვს.
სომხეთის მმართველი პარტიის, "სამოქალაქო კონტრაქტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსულ ოპოზიციურ პარტიას, "ძლიერ სომხეთს" ხმების 17.5% აქვს.
შეგახსენებთ, რომ 20:00 საათზე სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ხმების დათვლა დაიწყო.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.9% შეადგინა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა ამომრჩეველმა მიიღო.
სომხეთის წინა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მონაწილეობა მოსახლეობის 49.4%-მა მიიღო.




