სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ მისი მთავრობა დასავლეთთან დაახლოების გზას განაგრძობს, თუმცა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას არ შეწყვეტს და რუსეთთან ურთიერთობას განავითარებს.
"ჩვენ გავაგრძელებთ დასავლეთთან დაახლოების გზას, თუმცა ასევე გავაგრძელებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობასაც და განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთანაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ურთიერთობების გამყარებას ხელს შევუწყობთ". - თქვა ფაშინიანმა.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რას უპასუხებს იმ ექსპერტებს, რომელთა თქმითაც, ევროკავშირი სომხეთის მისაღებად მზად არაა და მხოლოდ მისი გეოგრაფიული პოზიციით და რესურსებით არის დაინტერესებული, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამჟამად სომხეთი ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის. თუმცა, ფაშინიანის თქმით, მისი მთავრობის მიზანი იქნება, ქვეყანა იმ დონემდე განავითაროს, რომ ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
სომხეთის პრემიერის მიხედვით, მისი მთავრობის ამოცანაა, რომ სომხეთს რეალური ალტერნატივები შეუქმნას, რათა მოსახლეობამ ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირს შორის არჩევა შეძლოს.
"სომხეთიც არ არის მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი იყოს. ჩვენი პირველი მიზანი ისაა, რომ ქვეყანაში რეფორმა გავატაროთ და ის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის დონემდე მივიყვანოთ. იმას ვგულისხმობ, რომ ამის გარეშე, ასე თუ ისე, ჩვენ ევროკავშირის წევრები ვერ ვიქნებით. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თავდაპირველად დემოკრატიული რეფორმების პროცესის გაგრძელება გვჭირდება, სანამ ყველა, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ევროკავშირი, არ აღიარებს, რომ სომხეთი ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება.
ეს არის ჩვენი თავდაპირველი სამიზნე, შემდგომ ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. დიახ, ევროკავშირმა შესაძლოა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ გაფართოების პროცესს არ განაგრძობს და სომეხმა ხალხმა რეფერენდუმში შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ევროკავშირის წევრობა არ სურს.
ჩვენი მთავრობის მიზანი ისაა, რომ სომხეთის რესპუბლიკისთვის რეალური ალტერნატივები შექმნას, რათა სომხეთის მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთონ, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ევროპის კავშირს შორის". - თქვა ფაშინიანმა.
ამავე პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა და თქვა, რომ მისი პარტია მთავრობას სხვა პარტიების ჩართულობის გარეშე ჩამოაყალიბებს.
უახლესი ინფორმაციით, მჟამად ბიულეტენების 16.05% არის დათვლილი. ფაშინიანის პარტია, სამოქალაქო კონტრაქტი ხმების 51.16%-ით ლიდერობს, ხოლო ოპოზიციონერი ბიზნესმენის პრორუსულ ალიანსს ძლიერ სომხეთს ხმების 23.27% აქვს.
ცნობისთვის, სომხეთის მმართველი პარტიის, "სამოქალაქო კონტრაქტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსულ ოპოზიციურ პარტიას, "ძლიერ სომხეთს" ხმების 17.5% აქვს.
შეგახსენებთ, რომ 20:00 საათზე სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ხმების დათვლა დაიწყო.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.9% შეადგინა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა ამომრჩეველმა მიიღო.
სომხეთის წინა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მონაწილეობა მოსახლეობის 49.4%-მა მიიღო.




