რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში 2 რუს ჯარისკაცს ომის დანაშაულისთვის 11 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

რუს ჯარისკაცებს, ოლექსანდრ ივანოვსა და ოლექსანდრ ბობიკინს ხარკოვის ოლქის მიმართულებით გრადის ტიპის რაკეტების სროლისთვის, რამაც სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის კერძო სახლები დააზიანა, პოლტავას ოლქის, კოტელევსკის საქალაქო სასამართლომ 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რუსი სამხედროები დამნაშავედ ომის კანონებისა და წესების დარღვევისთვის ცნეს. პროკურატურამ მათთვის სასჯელის მაქსიმუმი, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. თავდაპირველად ორივე მათგანი რუსეთში, მურმანსკის ოლქში მსახურობდა. მოგვიანებით კი ისინი წვრთნებისთვის ქალაქ კურსკში, შემდეგ კი უკრაინასთან ახლოს, ქალაქ  ბელგოროდში გადაიყვანეს. ბოლოს კი ისინი უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ბობიკინი გრადის ზალპური ცეცხლის სისტემის მძღოლი, ივანოვი კი მისი მსროლელი გახლდათ.

ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქის მიმართულებით გრადის ტიპის რაკეტები ისროლეს, რამაც ელექტრო ქვესადგური, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები, კორპუსები, სახლები და ლიცეუმი დააზიანა. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ჯარისკაცებმა იცოდნენ, რომ მათ მიერ ნასროლი რაკეტები იმ ტერიტორიაზეც დაეცემოდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ და სამოქალაქო ობიექტები იყო განლაგებული.

24 თებერვალს უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ოკუპანტების კოლონა დაამარცხეს. ამის შემდეგ, ორივე ბრალდებული 3 დღის განმავლობაში იმალებოდა, ბოლოს კი ისინი უკრაინელ სამხედროებს ჩაბარდნენ. ივანოვმა და ბობიკინმა ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარეს და პატიება ითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის სასამართლომ კიდევ ერთ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა უკვე მიუსაჯა

უკრაინის ინფორმაციით, შიშიმარინმა ომის დაწყების პირველ დღეებში სუმის ოლქში მოკლა 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა. შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს. შიშიმარინმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და პატიებაც ითხოვა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები