რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სასამართლომ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

Viacheslav Ratynskyi / Reuters

უკრაინის სასამართლომ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 

გადაწყვეტილება კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. 

უკრაინის ინფორმაციით, შიშიმარინმა ომის დაწყების პირველ დღეებში სუმის ოლქში მოკლა 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა.  

შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულების გამო მომავალში სხვა ოკუპანტებსაც გაასამართლებენ. მოსკოვი უარყოფს, რომ სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ.   

"[კაცის მოკვლამდე] კოლონამ, რომელშიც სერჟანტი შიშიმარინი იმყოფებოდა, ჩვენი [უკრაინელების] კოლონა გაანადგურა. გაქცევისას მან და კიდევ ოთხმა მებრძოლმა კერძო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ის მძღოლს წაართვეს. მოპარულ მანქანით, რომელსაც ბორბლები დაცხრილული ჰქონდა, მოსაზღვრე სოფელში შევიდნენ. მოკლული მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა. ერთ-ერთმა სამხედრომ სერჟანტს უბრძანა, მოეკლა მშვიდობიანი მოქალაქე. მან მანქანის ღია ფანჯრიდან კალაშნიკოვის ავტომატიდან რამდენჯერმე ესროლა 62 წლის კაცს თავში. ის სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ადგილზე გარდაიცვალა".- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

შიშიმარინმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და პატიებაც ითხოვა. 

კომენტარები