რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკი დაბომბეს – 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი დაბომბეს. რუსების იერიშებს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 პირი კი დაიჭრა. აგრეთვე, 50 სახლი განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა

"რუსი სამხედროები ქალაქ სევეროდონეცკის ცენტრისკენ მიიწევენ. მათ თავიანთი ძალები ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაამყარეს და ცდილობენ, რომ სევერდონეცკი და ლისიჩანსკი ალყაში მოაქციონ. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და სიტუაცია ძალიან რთულია. რუსები სევეროდონეცკში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას აგზავნიან". - ამბობს გაიდაი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები