რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინას საქონლის ექსპორტზე გატანაში დაეხმარება - ჯონსონი ზელენსკის ესაუბრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთის მიერ უკრაინის გემების ოდესის პორტის ბლოკადა განიხილა.

დაუნინგ სთრითის მაღალჩინოსნის თქმით, ჯონსონი უკრაინაში საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის ძალისხმევას გააორმაგებს. ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უკრაინას ბლოკადის მოხსნასა და საქონლის ექსპორტზე გატანაში დაეხმარება.

22 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი 22 მილიონი ტონა სურსათის ექსპორტის ბლოკირებაში დაადანაშაულა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ კრიზისს, სასურსათო კრიზისიც მოჰყვება, თუ უკრაინას პორტების განბლოკვაში არ დაეხმარებიან.

ზელენსკი ამბობს, რომ ორივე - ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისები რუსეთის მიერ პროვოცირებულია. ხოლო, ამ ვითარებაში უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმა აფრიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის საკვების პროდუქტების გარეშე დარჩენას ნიშნავს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები