რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკა: ჩემს ქმარს ვერავინ წამართმევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, ჟურნალ The Guardian-ს ომის შესახებ ესაუბრა. 

ზელენსკას თქმით, ომის გამო უკრაინის პრეზიდენტი ოჯახის მონახულებას ორი თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა.

"ომის გამო ჩვენი ოჯახიც, ისევე, როგორც ყველა უკრაინული ოჯახი, გაიყო". - ამბობს ზელენსკა. 

ინტერვიუს მსვლელობისას The Guardian-მა აღნიშნა, რომ ომმა ზელენსკას საკუთარი ქმარი წაართვა, რაზეც უკრაინის პირველმა ლედიმ უპასუხა:

"ჩემს ქმარს ვერავინ წამართმევს, ომიც კი. 

თუმცა, დიახ, ის თავისი საქმისთვის ცხოვრობს, ჩვენ თითქმის ვერ ვნახულობთ მას. ომის დაწყებიდან ორ თვეზე მეტი ისე გავიდა, რომ ვოლოდიმირს მხოლოდ ტელეფონზე ვესაუბრებოდით." - ამბობს ზელენსკა.

The Guardian-თან ინტერვიუში ოლენა ზელენსკამ 24 თებერვლის ღამე გაიხსენა.

"მახსოვს, რომ მეც უცნაურმა ხმებმა გამაღვიძა, ალბათ ისევე, როგორც ყველა. ბნელოდა, თითქმის შუაღამე იყო და დავინახე, რომ ვოლოდიმირი ჩემ გვერდით აღარ იყო. გვერდით ოთახში გავედი - ის უკვე ჩაცმული დამხვდა. ვკითხე, რა ხდებოდა და მან მიპასუხა, რომ [ომი] "დაიწყო".

ემოციების აღწერა შეუძლებელია. ეს მითხრა და წავიდა. ამის შემდეგ, ერთმანეთი დიდხანს აღარ გვინახავს". - დასძენს ზელენსკა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები