რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

სლუცკი: რუსეთი შეისწავლის მედვედჩუკის აზოვის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას

Володимир Зеленський / Facebook

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის და ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელის, ლეონიდ სლუცკის თქმით, რუსეთი შეისწავლის აზოვის პოლკის მებრძოლების პრორუს ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვლის შესაძლებლობას. ინფორმაციას Интерфакс-ი ავრცელებს.

"ჩვენ შევისწავლით მედვედჩუკის აზოველებზე გაცვლის შესაძლებლობას. არა ჩვენ, ანუ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, არამედ ადამიანები მოსკოვში, ვისაც ამის უფლებამოსილება აქვს". – უპასუხა სლუცკიმ Интерфакс-ის შეკითხვას.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა. ლვოვის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკოსს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეუფარდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა, რაზეც კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და "სპეცოპერაციასთან" კავშირი არ აქვს.

16 მაისის შემდეგ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან 1 700-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, მათ შორის აზოვის პოლკის მებრძოლები, რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

კომენტარები