რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში პუტინთან დაახლოებული მედვედჩუკი დააკავეს, რომელიც შინაპატიმრობიდან გაიქცა

Володимир Зеленський / Facebook

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მედვედჩუკს ხელბორკილი ადევს და უკრაინის სამხედრო ფორმა აცვია.

მედვედჩუკი რადას პრორუსი დეპუტატი და პლატფორმის სიცოცხლისთვის ლიდერია.

მედვედჩუკი ქვეყნის ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. UNIAN-ის ცნობით, რუსეთის თავდასხმის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი, ოქსანა მარჩენკო ბელარუსში გაიქცა. მოგვიანებით კი შინაპატიმრობიდან გაიქცა თავად მედვედჩუკიც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები