რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სასამართლომ მედვედჩუკს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეუფარდა

Володимир Зеленський / Facebook

ლვოვის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკოსს, ვიქტორ მედვედჩუკს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეუფარდა. მედვედჩუკი ქვეყნის ღალატში იყო ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი, ოქსანა მარჩენკო ბელარუსში გაიქცა. მოგვიანებით კი შინაპატიმრობიდან გაიქცა თავად მედვედჩუკიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა, რაზეც კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უპასუხა,  რომ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და "სპეცოპერაციასთან" კავშირი არ აქვს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები