რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი რუსეთს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

ვოლოდიმირ ზელენსკი
UNIAN

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელი ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.

"თუ მედვედჩუკმა სამხედრო ფორმის ჩაცმა არჩია, ის ომის წესებს ექვემდებარება. ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას – გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი რუსეთის ტყვეობაში მყოფ ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა განიხილონ ეს შესაძლებლობა". – თქვა ზელენსკიმ გავრცელებულ მიმართვაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა. დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მედვედჩუკს ხელბორკილი ადევს და უკრაინის სამხედრო ფორმა აცვია.

მედვედჩუკი ქვეყნის ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. UNIAN-ის ცნობით, რუსეთის თავდასხმის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი, ოქსანა მარჩენკო ბელარუსში გაიქცა. მოგვიანებით კი შინაპატიმრობიდან გაიქცა თავად მედვედჩუკიც.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები