ოკუპირებული ცხინვალი

რუდენკო ე.წ. რეფერენდუმზე: გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური სიტუაცია და მიზანშეწონილობა

ანდრეი რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გამოეხმაურნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, ეს გადაწვეტილება საჭიროებს სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებას.

"ჯერ დავაკვირდებით როდის ჩატარდება რეფერენდუმი, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები როგორ მისცემენ ხმას და, შესაბამისად, დაველოდებით რეაქციას რუსეთის ფედერაციის მხრიდან. აქ გასათვალისწინებელია ფაქტორების სრული ერთობლიობა, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია და მაინც და მაინც დღეს გადაწყვეტილების მიღების დროულობა და მიზანშეწონილობა". – თქვა რუდენკომ.

რუდენკოს თქმით, გაერთიანების საკითხი ორივე მხარის მონაწილეობას მოითხოვს. მან დაამატა, რომ რეფერენდუმს რუსეთი თვალს ადევნებს. 


ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, მმართველობის ბოლო დღეებში, 13 მაისს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი დაასახელა

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას მხარს უჭერს, თუმცა მან ბიბილოვი ე.წ. რეფერენდუმის თარიღის ნაჩქარევად დანიშვნის გამო გააკრიტიკა.

აქამდე გაგლოევმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმი ცალმხრივი არაა და მის ჩასატარებლად ისინი რუსეთის მხრიდან ნიშანს უნდა დალოდებოდნენ.

"ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთის ფედერაცია დაკავებულია გეოპოლიტიკური საკითხის გადაჭრით, ატარებს სეპცოპერაციას უკრაინაში ნეონაცისტური წარმონაქმნების განადგურებისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. როგორც კი სიგნალი იქნება, როგორც კი გავიგებთ, რომ დრო დადგა, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ამ რეფერენდუმს". – ამობდა გაგლოევი.

ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ე.წ. არჩევნებში დამარცხდა, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთისთვის შეერთებასა და ორი რეფერენდუმის დანიშვნას გეგმავდა. პირველი ე.წ. რეფერენდუმით, მას რუსეთთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტა სურდა, მეორეთი კი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება ერთიანი ფედერაციული სუბიექტის შექმნა.

კომენტარები