ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერი გადადგა - თანამდებობაზე მარატ კამბოლოვი წარადგინეს

მარატ კამბოლოვი და ალან გაგლოევი  
РЕС  

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერმინისტრი ძამბოლატ ტადტაევი გადადგა, რის შემდეგაც ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა "პარლამენტს" თანამდებობაზე მარატ კამბოლოვი წარუდგინა.

"სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რესპუბლიკის პარლამენტს დასამტკიცებლად წარვუდგენ მარატ არკადიევიჩ კამბოლოვის კანდიდატურას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე," - წერია დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებაში.

ახალი ე.წ. პრემიერმინისტრის არჩევამდე, მოვალეობის შემსრულებელი ტადტაევის პირველი მოადგილე კონსტანტინ ჯიოევი იქნება.

"პარლამენტს" კამბოლოვის კანდიდატურის განსახილველად ერთი კვირა აქვს.

გაგლოევის განცხადების თანახმად, ახალ ე.წ. პრემიერმინისტრს დაევალება, რუსეთთან "მოკავშირეობის გაღრმავების" კანონპროექტის ფარგლებში აღებული მოვალეობების შესრულება.

"მინისტრთა კაბინეტის ახალ ხელმძღვანელს დაევალა ხელმოწერილი ხელშეკრულების და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ყველა სხვა შეთანხმების დებულებების ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა," - აღნიშნულია განცხადებაში.

"რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება" 16 მუხლისგან შედგება და მიზნად ოკუპირებული ცხინვალის მოჩვენებითი "დამოუკიდებელი" საკანონმდებლო სივრცის მოშლასა და რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ბაზაზე გადაწყობას ისახავს.

კანონპროექტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 25 მაისს მოაწერა ხელი. აქამდე, ის რუსეთის სახელმწიფო დუმამ 13 მაისს პლენარულ სხდომაზე მიიღო. თავად დოკუმენტს პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში 9 მაისს მოაწერეს ხელი.

რაც შეეხება თავად მარატ კამბოლოვს, ის აქამდე, 2026 წლის 27 მაისს, გაგლოევის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად“ დაინიშნა. 

როგორც რადიო თავისუფლება წერს, მას კრემლი ოკუპირებული ცხინვალის 2027 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაგლოევის "შემცვლელად" განიხილავს.

"როგორც ექსპერტები შენიშნავენ, მარატ კამბოლოვს რუსეთის ფედერაციის ფედერალურ ხელისუფლებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში მას ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ეროვნებებისა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროში, ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის ეროვნულ კვლევით ცენტრ "კურჩატოვის ინსტიტუტს". კამბოლოვს ასევე აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება რეგიონთაშორისი თანამშრომლობის, საინვესტიციო განვითარებისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების მართვის საკითხებში," - წერია რადიო თავისუფლების სტატიაში.

კამბოლოვს გაგლოევის "შემცვლელს" რუსული მედიებიც უწოდებენ, მათ შორის, Новые Ведомости, რომელიც მას კრემლის ოკუპირებული ცხინვალის ახალ "არქიტექტორად" მოიხსენიებს.

 

კომენტარები