ოკუპირებული ცხინვალი

ბიბილოვის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს

ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა

ბიბილოვის თქმით, პირველი იქნება რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების რეფერენდუმი, რის შესახებაც მან პირველად გასულ თვეში ისაუბრა. თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების სასარგებლოდ გადაწყდება, შემდეგ შესაძლოა ჩატარდეს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების რეფერენდუმიც.

"როცა სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაშინ უნდა წარიმართოს ოსეთის გაერთიანების პროცესი და მაშინ უკვე უნდა იყოს ორი რეფერენდუმი, რუსეთის ორ ობიექტში". – ამბობს ბიბილოვი.

მარიონეტი ლიდერის თქმით, საკითხთან დაკავშირებით მოსკოვთან კონსულტაცია მიმდინარეობს. 

ასევე, ბიბილოვმა თქვა, რომ შესაძლოა საქართველოს მხრიდან, რეფერენდუმის გამო, "პროვოკაციები იყოს", თუმცა მან დაამატა, რომ "დღეს საქართველოს მხრიდან საფრთხეს ვერ ხედავენ". 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს

30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა, რომ ჩატარდებოდა რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი.

"სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ" – თქვა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

ბიბილოვი ამბობდა, რომ, თუ ოკუპირებული რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შევა, ის, როგორც შიდასახელმწიფოებრივი ერთეული, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდება.

კომენტარები